"ბეტისმა" "ბაქსვუდთან" 1/4 ფინალური სერია ბოლო წუთზე გატანილი გოლით მოიგო!

ყველა სიახლე
14 აპრილი 2024


ფუტსალის ახალგაზრდული ლიგის სადებიუტო სეზონში მეორე ნახევარფინალური წყვილიც ცნობილია. ფინალისთვის ბრძოლაში რეგულარული ეტაპის გამარჯვებული „გრანდ ავლაბარის“ მეტოქე „ბეტისის აკადემია“ იქნება.

„ბეტისმა“ „ბაქსვუდთან“ განმეორებით 1/4 ფინალში ანგარიში ორით ნულიდან შემოატრიალა და ბოლო წუთზე გატანილი გოლით 3-2 იმარჯვა.  

„ბაქსვუდი“ მეჩვიდმეტე წუთზე ორი უპასუხო გოლით იგებდა. ტაიმის დასრულებამდე „ბეტისმა“ ერთი ბურთი გაქვითა, ოცდამეექვსე წუთზე კი წონასწორობა აღადგინა. შეხვედრის მიწურულს „ბეტისელთა“ შეტევა ავტოგოლით დასრულდა და გუნდმა ნახევარფინალის საგზური მოიპოვა.

Sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარს:

გიორგი ხაჩატუროვი, ბეტისის აკადემია: „თავიდან ცოტა ცუდად დავიწყეთ, მაგრამ პირველ ტაიმში რა შეცდომებიც გვქონდა მეორეში გამოვასწორეთ. მწვრთნელმა შესვენებაზე გვითხრა ყველაფერი და დავალაგეთ თამაში. ბევრი ვიბრძოლეთ. მეტოქეს დიდ პატივს ვცემ. გვეგონა, რომ უკვე წინ ვიყავით გასულები და ცუდი ხასიათით დავიწყეთ. რომ გვიგებდნენ, შევცვალეთ ჩვენი მიდგომა და აქედან გამომდინარე მოვიგეთ. გრანდ ავლაბარიც ძალიან მაგარი გუნდია, კარგად მოვემზადებით მათთან შესახვედრად. შემდეგ უკვე თამაშში ვნახოთ რა მოხდება. ჩვენი უპირატესობა გუნდურობა და ხასიათი იქნება“.

ფუტსალის ახალგაზრდული ლიგის პირველი ნახევარფინალური შეხვედრები „გრანდ ავლაბარი“ - „ბეტისის აკადემიასა“ და „ს.ლ. აკადემია“ – „კომაროვს“ შორის 20 აპრილს სპორტ კომპლექს არენა 2-ში გაიმართება.

  © SBM, 2016-2024