"BOG"-სა და "GM"-ს შორის გამარჯვებულს საპასუხო მატჩი გამოავლენს!

ყველა სიახლე
21 აპრილი 2024

სპორტ კომპლექს არენა 2-ში ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის სათამაშო დღე სუპერლიგისა და ბრინჯაოს ლიგის პირველი 1/2 ფინალური შეხვედრებით გაგრძელდა.  

სუპერლიგაში „საქართველოს ბანკისა“ და „ჯორჯიან მანგანეზის“ დაძაბული მატჩი ფრედ 2-2 დასრულდა. „ბანკირებმა“ თამაშში ანგარიში ორჯერ გაათანაბრეს და მეტოქეს სერიაში უპირატესობის მოპოვების შესაძლებლობა არ მისცეს. ირაკლი გოგინაშვილის გოლი დიმიტრი ხუციანიძემ გაქვითა. ლევან კუჭაშვილს კი ოცდამეჩვიდმეტე წუთზე ილია ქემაშვილმა უპასუხა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

Sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარებს:

დიმიტრი ხუციანიძე, BOG: „ცოტა ინერტულად დავიწყეთ თამაში. ვერ შევედით სათანადო კონდიციებში, რაც შეიძლება გამოწვეული იყოს სიცხის გამო. მატჩის მეორე ნახევარში, ვფიქრობ, კარგად წარმოვაჩინეთ თავი და უნდა მოგვეგო. წინა თამაშსაც შევეხები და ვიტყვი, რომ ყოველი შეხვედრის შემდეგ ვითარდება ჩვენი გუნდი. ახალგაზრდული შემადგენლობა ვართ და მომავალში ვფიქრობ ბევრად უფრო ძლიერები ვიქნებით. როდესაც ორჯერ აგებ თამაშს და იმის ძალა გაქვს, რომ არ მოდუნდე და დარჩე თამაშში, ეს პირველ რიგში ჩვენს სულისკვეთებას უსვამს ხაზს“.

ოთარ მაჭავარიანი, GM: „ძალიან მაგარი თამაში იყო. ორჯერ ვიგებდით და დასანანია, რომ ფრე ვითამაშეთ, მაგრამ ჩვენმა ბიჭებმა ყველაფერი გააკეთეს. მომავალ თამაშებში ალბათ უკეთეს შედეგს დავდებთ. გვინდა ფინალში გავიდეთ და ჩემპიონები გავხდეთ. მოწინააღმდეგემ კარგად ითამაშა, ჩვენც არ დაგვიზოგავს თავი და ფრე არ არის ცუდი შედეგი. უეჭველი მოსაგები თამაში იყო, მაგრამ ხდება ხოლმე. საპასუხო მატჩი იქნება გადამწყვეტი და ვეცდებით გავიდეთ ფინალში“.

სანახაობრივი და დრამატული გამოდგა ბრინჯაოს ლიგაში „ლიბერთი ბანკისა“ და „რუსთავის აზოტის“ დაპირისპირება. „ლიბერთიმ“ შეხვედრაში წონასწორობა ორჯერ აღადგინა და მატჩის მიწურულს გატანილი გოლით 3-2 მოიგო. პირველ ტაიმში გიორგი ხომასურიძის გოლს „ბანკირთა“ რიგებიდან ნიკა ფანცულაიამ უპასუხა. გიორგი ახვლედიანმა „რუსთავის აზოტი“ მეორე ნახევარში კიდევ ერთხელ დააწინაურა, მაგრამ ამჯერად ბურთი კახა ტოგონიძემ გაქვითა. მეორმოცე წუთზე გიორგი გაგუას გოლით „ლიბერთიმ“ პირველ 1/2 ფინალურ შეხვედრაში იმარჯვა და უპირატესობა მოიპოვა.



  © SBM, 2016-2024