უხვგოლიან ფინალში "დინამო"-მ "თსუ2" დაამარცხა და სერიაში წინ გავიდა!

ყველა სიახლე
20 აპრილი 2024

უხვგოლიან ფინალში

ფუტსალის ლიგა 2-ის 2023/24 წწ. სეზონის საჩემპიონო სერია უხვგოლიანი და დაძაბული მატჩით დაიწყო. „დინამო“-მ თასის მოქმედი მფლობელი „თსუ 2“ სანახაობრივ დაპირისპირებაში 6-4 დაამარცხა და სერიაში დაწინაურდა.

„ლურჯ-თეთრები“ მთელი თამაში ლიდერობდნენ და მეტოქე მდევრის როლში იყო. საწყის ექვს წუთში მიღებული ორი გოლი „სტუდენტებმა“ ტაიმის ბოლომდე გაქვითეს. მეორე ტაიმში „თსუ 2“-მა ანგარიში კიდევ ორჯერ გაათანაბრა. ოცდამეათე და ოცდამეთექვსმეტე წუთებზე გატანილი გოლებით ლაშა-გიორგი ობოლაძემ პოკერი გაიფორმა. ბოლო გოლის მიღებამდე „თსუ“ წითელი ბარათის გამო რიცხობრივ უპირატესობაში იყო, მაგრამ შანსი ვერ გამოიყენა და პირველ შეხვედრაში 6-4 დამარცხდა.

დუბლი გაიფორმა შეხვედრაში გეგა კოშაძემ, რომელიც ლაშა-გიორგი ობოლაძის მთავარი კონკურენტია ბომბარდირობისთვის ბრძოლაში. აღსანიშნავია, რომ ფინალამდე მათ თანაბარი რაოდენობის 27-27 გოლი ჰქონდა, მიმდინარე მონაცემებით კი "დინამოელთა" კაპიტანი ორი ბურთით ლიდერობს (31-29). 

Sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარებს:

გეგა კოშაძე, თსუ 2: „მართლაც დაძაბული თამაში იყო. მეტოქეს მადლობა კარგი თამაშისთვის. მდევრის როლში ვიყავით - გაგვიტანდნენ გავათანაბრებდით, მაგრამ დაცვაში რაღაც შეცდომების გამო გავუშვით გოლები. დასანანი იყო რომ ვერ შევუგდეთ, როცა კაცნაკლულები იყვნენ, მაგრამ დაცვაში კარგად იდგნენ და ამის გამო ვერ გავიტანეთ. განმეორებითი შეხვედრისგან იგივეს ველით, მაგრამ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ანგარიში გავათანაბროთ და ტიტულისკენ ნაბიჯი წინ გადავდგათ“.

ლაშა-გიორგი ობოლაძე, დინამო: „ბიჭებს მადლობა დღევანდელი თავდადებისთვის. გავიმარჯვეთ და ვულოცავ. კარგი თამაში იყო, დაძაბული. ტაქტიკურად ჩვენ უფრო კარგად ვიყავით მომზადებულები. დაცვაშიც შეცდომები ჰქონდათ, რაც გამოვიყენეთ. ჩემი აზრით კონტრშეტევებზე გვქონდა ძირითადად უპირატესობა. რაღაც მომენტებში ხუთზეც გვეჭირა ბურთი, მაგრამ კონტრშეტევებმაც გამოიღო თავისი შედეგი. კახა ძლიერი ძალაა ჩვენთვის ნამდვილად, მაგრამ მის გარეშე მოგვიწევს შემდეგი თამაში. ის ორწუთიანი მონაკვეთი ძალიან რთული იყო, მაგრამ გავუძელით, კარგი დაცვა ვითამაშეთ და გოლი არ გავუშვით“.

„დინამო“-სა და „თსუ 2“-ს შორის საჩემპიონო სერია სამ მოგებამდე გაგრძელდება.



  © SBM, 2016-2024