"დინამო"-მ "თსუ 2" ფინალის მეორე შეხვედრაშიც დაამარცხა!

ყველა სიახლე
27 აპრილი 2024


„დინამო თბილისმა“ ფუტსალის ლიგა 2-ის 2023/24 წწ. სეზონის ფინალურ სერიაში „თსუ 2“ განმეორებით შეხვედრაშიც დაამარცხა და ჩემპიონის ტიტულს კიდევ უფრო მიუახლოვდა.

შეხვედრის პირველი ნახევარი „დინამოელთა“ სრული უპირატესობით წარიმართა. „ლურჯ-თეთრებმა“ მეტოქე საბოლოოდ 4-2 დაამარცხეს.

„დინამო“ წინ მეორე წუთზე გავიდა. ალექსანდრე ცირეკიძემ სხვაობა ორ ბურთამდე გაზარდა. გიგა ლაგაზაშვილმა მეჩვიდმეტე წუთზე დუბლი გაიფორმა და ანგარიში 3-0 გახადა. ტაიმის დასრულებამდე „დინამოს“ მეკარემ, ლუკა ხარშილაძემ, არა ერთ მოგერიებასთან ერთად აქტივში გოლიც მიითვალა და „დინამო“-მ პირველი ნახევარი ოთხი უპასუხო ბურთით მოიგო.

მეორე ტაიმში „სტუდენტები“ უფრო გააქტიურდნენ და ჩამორჩენის ორ ბურთამდე შემცირება შეძლეს, მაგრამ საბოლოოდ მიმდინარე სეზონის ყველაზე უხერხულ მეტოქესთან ანგარიში ვერ შემოატრიალეს.

Sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარებს:

ლექსო ტკაჩოვი, თსუ 2: „ცოტა უხერხული მეტოქე აღმოჩნდა ჩვენთვის „დინამო“, რადგან ოთხი თამაშიდან ერთი ფრე - სამი წაგება გვაქვს. ნამდვილად უარყოფითი ბალანსია. დღეს პირველი ტაიმი იყო აბსოლუტურად საშინელი. ვერც დაცვაში ვითამაშეთ, წინაც ვერ გავაკეთეთ ვერაფერი და დამაჯერებლადაც წაიყვანეს ანგარიში ოთხით ნული. მეორე ტაიმი სულ სხვა თამაში იყო. კინაღამ შევძელით რომ დავბრუნებულიყავით, ორი გოლის გატანა მოვახერხეთ, მაგრამ არ აღმოჩნდა საკმარისი. „დინამოს“ მეკარემ საოცრად ითამაშა, ფაქტობრივად, მკვდარი ბურთები აიღო, ვულოცავ მათ გამარჯვებას და მიუხედავად იმისა, რომ სერიაში ორით ნულია ანგარიში, ჩვენ მაინც ერთ თამაშზე ვფიქრობთ და არა ჩემპიონობაზე. შემდეგი მატჩი მოსაგები გვაქვს“.

ლუკა ხარშილაძე, დინამო: „პირველ რიგში, მადლობა მოსულ გულშემატკივარს გვერდში დგომისთვის. დღეს პირველი ტაიმი ჩვენი უპირატესობით მიდიოდა. მეტს ვმოძრაობდით, ტაქტიკურად უფრო გამართულები ვიყავით და ოთხი გოლი გავიტანეთ. შემდეგ უკვე შენარჩუნებაზე ვთამაშობდით. იქიდან გამომდინარე, რომ გვაკლია ხალხი წითელი ბარათისა და ტრავმების გამო, დავიღალეთ, არ იყო იმდენი ცვლილებები და მეორე ნახევარში გვაჯობა თსუ-მ. გამარჯვება, რა თქმა უნდა, სასიამოვნოა, მაგრამ ჯერ არაფერი დასრულებულა. ერთი გამარჯვება გვჭირდება, ეს ჩვენთვის სტიმულია, მაგრამ ამასთან ერთად დიდი პასუხისმგებლობაცაა. რთული მეტოქე იყო „თსუ“, მაგრამ კარში იმისთვის ვდგავარ, რომ ბურთები მოვიგერიო“.

„დინამო თბილისსა“ და „თსუ 2“-ს შორის სერიაში ანგარიში 2-0-ია. გუნდებს შორის საჩემპიონო დაპირისპირება სამ მოგებამდე გაგრძელდება.

  © SBM, 2016-2024