ლიგა 3-ში საჩემპიონო სერია "ტიფლისის" გამარჯვებით დაიწყო!

ყველა სიახლე
27 აპრილი 2024


ფუტსალის ლიგა 3-ის 2023/24 წწ. სეზონის პირველი ფინალური დაპირისპირება „ტიფლისსა“ და „ჯიპა“-ს შორის „ტიფლისის“ გამარჯვებით 5-3 დასრულდა.

„დედაქალაქელები“ სწრაფი გოლით ოცდამეთორმეტე წამზე დაწინაურდნენ. შეხვედრაში წონასწორობა დავით ბერაძემ აღადგინა, მაგრამ გურამ ნადარეიშვილმა დუბლი პირველივე ტაიმში გაიფორმა და გუნდს უპირატესობა დაუბრუნა (2-1).

მეორე ნახევარში ანგარიში „ტიფლისს“ მიჰყავდა - ოცდამეთორმეტე წუთზე 4-2-ს იგებდა. მომდევნო წუთზე „სტუდენტების“ მეკარემ წითელი ბარათი მიიღო და „ჯიპა“-ს კარის დაცვა კაპიტანმა, თორნიკე ზოიძემ, გააგრძელა. დარჩენილ დროში გუნდებმა თითო ბურთი გაცვალეს და „ტიფლისმა“ „ჯიპა“ მიმდინარე სეზონში პირველად ფინალურ დაპირისპირებაში დაამარცხა.

Sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარებს:

დავით ბერაძე, ჯიპა: „ნამდვილად კარგი თამაში იყო და მეტოქეს მივულოცავ გამარჯვებას. გულშემატკივრები მთელი მატჩის განმავლობაში გვერდში გვედგა ორივე გუნდს. თამაში ცოტა მძიმედ დავიწყეთ. ნერვიულობა ჩვენ უფრო გვეტყობოდა, რაც ანგარიშზეც აისახა. ჩვენი მხრიდან ყველაფერი გავაკეთეთ, მაგრამ შემდეგ შეხვედრაში უფრო ძლიერები დავბრუნდებით. ვეცდებით სამით ერთი მოვიგოთ სერიაში. პროფესიონალი ფეხბურთელები ვართ და არანაირი მნიშვნელობა არ აქვს რომელ წუთზე გაგივა გოლი, ბოლომდე უნდა ითამაშო. ბოლოში მეკარის გაგდებამ შედეგი ასახა ანგარიშზე. მეორე მეკარე საერთოდ არ გვყავდა და წითლის შემდეგ ურთულესი იყო ამ თამაშის შემოტრიალება“.

გურამ ნადარეიშვილი, ტიფლისი: „რთული თამაში გამოვიდა. „ჯიპა“ ძალიან კარგი გუნდია. მონდომებით და უფრო მეტი ფუტსალით ვაჯობეთ დღეს. საწყის წუთებზე წინ გასვლა ძალიან სასიამოვნოა და შედარებით თავისუფლად იწყებ თამაშს. უბრალოდ ისეთი სპორტია, სუფთა დროა და შეიძლება ათ წამში ორი გოლი გავიდეს, შესაბამისად, არ მოვდუნდით. გოლი მივიღეთ, შემდეგ ისევ წინ გავედით - ამან მოგვცა უპირატესობა, რადგან სულ ჩვენ ვახერხებდით წინ გასვლას. რეგულარულ სეზონში „ჯიპა“-ს ვერც ერთი თამაში მოვუგეთ, ეს ჩვენთვის დამატებითი მოტივაცია იყო. ამით არაფერი დასრულებულა, გავაგრძელებთ მომზადებას და ვეცდებით სეზონის ბოლოს თასი ჩვენ მოვიპოვოთ“.

„ტიფლისსა“ და „ჯიპა“-ს შორის საჩემპიონო სერია სამ მოგებამდე გაგრძელდება.

  © SBM, 2016-2024